etli.ge

“საქართველოს ეტლების საწარმოში“ უზბეკეთის დელეგაციასთან გაიმართა შეხვედრა
22 აპრილს “საქართველოს ეტლების საწარმოში“ გაიმართა შეხვედრა უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს (NASP) დელეგაციასთან. შეხვედრას მასპინძლობდნენ ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე და “საქართველოს ეტლების საწარმოს“ დირექტორი გიორგი ძნელაძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს დამხმარე საშუალებების, რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის საკითხები. ვიზიტის ძირითადი მიზნები იყო გამოცდილების გაცვლა “საქართველოს ეტლების საწარმოსთან“ და სერვისის მიწოდების, ბენეფიციარების მიღებისა და შეფასების სისტემების პრაქტიკული გაცნობა.
შეხვედრისას ქართული მხარის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ განსაზღვრულ დამხმარე ტექნოლოგიების მიწოდების ოთხ ძირითად ეტაპზე, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის უსაფრთხო, ეფექტიანი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის მიწოდებას. აღნიშნული ეტაპები მოიცავს: საჭიროებების კომპლექსურ შეფასებასა და შესაბამისი მოწყობილობის შერჩევას, მოწყობილობის ინდივიდუალურ მორგებას, მომხმარებლისა და მისი მხარდამჭერების გადამზადებას სწორი გამოყენებისთვის, ასევე შემდგომ მონიტორინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დამხმარე საშუალებების მიწოდების პროცესში სერვისის კრიტიკულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხოლოდ პროდუქტის გაცემა არ უზრუნველყოფს მის ეფექტიან გამოყენებას. დამხმარე საშუალება უნდა მიეწოდოს როგორც სერვისის ნაწილი, რომელიც მოიცავს სრულ ციკლს, საჭიროებების შეფასებიდან დაწყებული, ინდივიდუალურ მორგებამდე, გამოყენების სწავლებასა და შემდგომ მხარდაჭერამდე.
შეხვედრა დასრულდა თანამშრომლობის გაღრმავებისა და მომავალში გამოცდილების გაზიარების მზაობით.
"