30 სექტემბერი, 2026
“საქართველოს ეტლების საწარმო” REHACARE 2026-ზე
23–26 სექტემბერს, დიუსელდორფში, რეაბილიტაციის, დამხმარე საშუალებებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება – REHACARE 2026 გაიმართა. გამოფენამ 43 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა.
საქართველოს ეტლების საწარმოსთვის REHACARE-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო როგორც საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის, ისე საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის. გამოფენამ საშუალება მოგვცა, ჩვენი სოციალური საწარმო და საქართველოში წარმოებული პროდუქცია ფართო საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო, დაგვემყარებინა ახალი კავშირები პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებთან და გაგვეძლიერებინა საექსპორტო შესაძლებლობები.
ჩვენთვის ექსპორტის ზრდა არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ არსებული მოდელები, შევქმნათ ახალი, თანამედროვე და მოთხოვნადი პროდუქტები და გავაძლიეროთ საწარმოს ტექნიკური და საწარმოო შესაძლებლობები.
საწარმოს განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დავასაქმოთ. საქართველოს ეტლების საწარმოს გუნდი უკვე ფლობს მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასა და შესაბამის კვალიფიკაციას. საერთაშორისო თანამშრომლობა და ახალ ტექნოლოგიებთან უშუალო წვდომა ამ გამოცდილებას კიდევ უფრო გაამდიდრებს და დაგვეხმარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს მაღალი პროფესიული სტანდარტით მოვემსახუროთ.
REHACARE ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო, საქართველო დამხმარე საშუალებების საერთაშორისო რუკაზე უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო. გამოფენის ფარგლებში შევხვდით კომპანიებს, სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქმნიან თანამედროვე დამხმარე საშუალებებს, ავითარებენ მობილობის სისტემებს, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და აყალიბებენ სფეროს სამომავლო ტენდენციებს.
