“საქართველოს ეტლების საწარმოს“ მისიაა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელ, ღირსეულ და აქტიურ ცხოვრებას. საწარმო მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდეს, ისარგებლოს ხარისხიანი დამხმარე საშუალებებით და სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საწარმოს საქმიანობა ეფუძნება თანასწორობის, ხელმისაწვდომობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს. ადგილობრივი წარმოების განვითარებითა და ინკლუზიური დასაქმების მოდელით, “საქართველოს ეტლების საწარმო“ არა მხოლოდ ტექნიკურ პროდუქტს ქმნის, არამედ ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, სტერეოტიპების მსხვრევასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
საწარმოს მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მათთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ეტლებისა და სხვა დამხმარე საშუალებების წარმოებისა და მიწოდების გზით. საწარმო ასევე ცდილობს ხელი შეუწყოს ინკლუზიური დასაქმების პრაქტიკის განვითარებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას და მათი მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებას.
დოკუმენტი შემუშავებულია ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
„საქართველოს ეტლების საწარმო“ ზრუნავს, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა საქართველოში ღირსეულად და დამოუკიდებლად იცხოვრონ. ჩვენი მიზანია შევქმნათ და ვაწარმოოთ საიმედო, გამძლე ეტლები და დამხმარე საშუალებები, რომლებიც სრულად პასუხობს როგორც მარეგულირებლის მოთხოვნებს, ისე მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი პროფესიონალებისგან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული წარმოების პროცესში. ეს ჩვენს საქმიანობას განსაკუთრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას სძენს და მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ყველა პროცესს, პროდუქტის დიზაინის შექმნიდან, წარმოებასა და მიწოდებამდე, გაყიდვების შემდგომი მომსახურების ჩათვლით, ერთ უწყვეტ ჯაჭვად ვაქცევთ. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას მუდმივად ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები და ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო დავხვეწოთ, რადგან მუშაობის ყველა ეტაპზე ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი პრინციპია.
საწარმოში ვამზადებთ როგორც მექანიკურ, ისე ელექტრო ეტლებს, მათ შორის აქტიურ, პედიატრიულ და ყველგანმავალი ტიპის მოდელებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და თავისუფალ გადაადგილებას ნებისმიერ რელიეფზე. ასევე ვაწარმოებთ აბაზანისა და საპირფარეშოს ეტლებს, პანდუსებსა და ლიფტებს და ვამონტაჟებთ სხვადასხვა დამხმარე სისტემებს, რათა საცხოვრებელი, სამუშაო თუ საზოგადოებრივი სივრცე იყოს სრულად ადაპტირებული.
დაარსების დღიდან „საქართველოს ეტლების საწარმო“ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საწარმოში დამზადებული ეტლები სრულიად უფასოდ მიიღონ. ამ წლების განმავლობაში უკვე გადაცემულია 12,000-ზე მეტი ეტლი და სხვადასხვა დამხმარე საშუალება.
ამასთან, საქართველოში წარმოებული ეტლები წარმატებით გადის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.
გარდა ადგილობრივი წარმოებისა, ჩვენ ვართ Invacare-ის პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორები კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში და Lehner-ის პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორები საქართველოში. ეს გვაძლევს საშუალებას მომხმარებლებს შევთავაზოთ მსოფლიოში აღიარებული ხარისხისა და სტანდარტების დამხმარე საშუალებები.
პარალელურად, მუდმივად ვადევნებთ თვალს მსოფლიოში არსებულ სიახლეებს, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით შექმნილი პროდუქტები.
2025 წელს საწარმოს მიენიჭა ISO-ს სტანდარტის სერტიფიკატი, რაც გარანტიას იძლევა, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია და საწარმოში მიმდინარე ოპერაციული პროცესები სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
აღნიშნულის მისაღწევად ვიღებთ შემდეგ ვალდებულებებს:
ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა ჩვენი საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპია.
თითოეული თანამშრომლის ჩართულობითა და სისტემური პროცესების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და შევქმნათ პროდუქცია, რომელიც რეალურად აუმჯობესებს მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხს.